2025 წლის 24-28 მარტს დრეზდენის ტექნოლოგიურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus +_ის თანადაფინანსებული პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად [DeSIRe]“ ფარგლებში, კონსორციუმის წევრ ქართველ, სომეხ, ესპანელ, ფინელ და ირლანდიელ კოლეგებს ქ. დრეზდენში, გერმანიაში უმასპინძლეს.
ვიზიტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და პროექტის ასისტენტი სოფიო იდაძე.
5 დღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში, მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: „მეწარმეობის აუცილებელი უნარები: ინიციატივა და პროაქტიულობა“; „თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა“; „ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები“; „ორგანიზაციული კულტურის განვითარება“.
გერმანელმა მასპინძლებმა მონაწილეებს წარუდგინეს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიდგომები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმს.
„რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად [DeSIRe]“ პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა (ARM) და საქართველოს (GE) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (HEI) 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად რბილი უნარების განვითარების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში.
პროექტი შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან (ხარისხიანი განათლება), რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. ის ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერებაში.
DeSiRe შედგება 15 აკადემიური, პროფესიული და არასამთავრობო პარტნიორისგან რომელთა შორისაა ოთხი ევროპული, ხუთი ქართული და ექვსი სომხური ორგანიზაცია.
პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
2024 წლის 21-25 ოქტომბერს DeSIRe-ის პროექტის პარტნიორი წევრები სომხეთიდან, საქართველოდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ გრანადას უნივერსიტეტში.
წევრებს შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი: ასოცირებული პროფესორები ირმა გრძელიძე და რუსუდან სანაძე; პროფესორი ქეთევან ჭკუასელი.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა თემატური სესიები შემდეგ თემებზე:
- "თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია"
- "მედია და ციფრული წიგნიერება"
- "არსებითი მეწარმეობის უნარები"
- ”რეფლექსიური აზროვნება და შეფასების უნარები”
ზემოჩამოთვლილი 3 მოდული და 1 MOOC შემუშავდება სასწავლო მასალებზე და რესურსებზე დაყრდნობით.
სესიებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის პარტნიორი წევრები.
2024 წლის 25 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ პროექტზე - „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად [DeSIRe]“.
შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა სსუ-ში, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.
დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ: სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ნინო თოფურიძე.
თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა თსუ-ში ირმა გრძელიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „უმაღლეს განათლებაში რბილი უნარების განვითარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში DeSIRe პროექტის მეშვეობით - სტუდენტების გაძლიერება მომავლისთვის“.
პრეზენტაცია თემაზე - "რბილი უნარების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად" წარადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, პროექტის კოორდინატორმა ილიაუნიში, პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ.
პროექტის ირგვლივ მიწოდებულმა ინფორმაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.